суббота, 19 декабря 2015 г.

გულებში დანთებული სიყვარულის კოცონი



   წმინდა გიორგი სახელობის სკოლა-ლიცეუმი არსებობის 25 წელს ითვლის. იქ სადაც ლიახვს გულში იკრავს მტკვარი, გორიჯვრის კალთის ქვეშ, მერცხლის ბუდესავით შეყუჟული ლიცეუმის შენობა ზღვა სითბოსა და სიყვარულს იტევს... თუმც ქალაქის ცენტრიდან საკმაოდ მოცილებულია, მისი სხივი ყველგან აღწევს.


  დიახ, სკოლა-ლიცეუმი სამყაროს ის ნაწილი, სადაც ყველაზე მეტად ხარობს სიცოცხლე, ცხოვრებას აქვს ნათელი მიზანი, სადაც ყველაზე მეტად მოგეფერებიან, გაგიგებენ, მიგიტევებენ.

 ლიცეუმი ყოველთვის გამორჩეული მასპინძელი და დამხვდურია მისი მოსწავლიასა და მშობლისათვის. ასე იყო წელსაც. ლიცეუმის დირექტორმა ქალბატონმა მანანა ჩუხრუკიძემ ტრადიციას არც ახლა უღალატა და სწავლის დაწყება სკოლის ეზოში დანთებულ კოცონთან აღნიშნა. უჩვეულო დახვედრამ საოცარი შედეგი გამოიღო. პატარების სიხარულით ანთებული თვალები, მასწავლებლებისა და მშობლების სითბოთი სავსე გამოხედვა, მშვენიერი მუსიკის ჰანგების ფონზე(მალხაზ კვერნაძის ხელმძრვანელობით). ეზოს ერთ კუთხეში შემაღლებულ ადგილზე უბრალოდ ჩამომჯდარი მოხალისე მხატვარი( მშობელი თამარ ქებაძე). პატარების სახეზე სიყვარულისა და სილამაზის ნახატებს ქმნიდა. ეს უჩვეულოდ მოხატული გოგო-ბიჭები კი მხიარული შეძახილებით ხვდებოდნენ ეზოში მოსიარულე „წითელქუდა“ გოგონებს, რომლებიც პატარა, ჯადოსნური კალათებით უშურველად არიგებდნენ ტკბილეულს. 
  უცებ ბენდის ხმა ტამ-ტამების ხმამ ჩაანაცვლა. ახლა კი ჩვენი „ონავრების“ ჯერი დამდგარიყო, ანსამბლი თ. ნუსხელიძის ხელმძღვანელობით უკრავდა, მღეროდნენ და ცეკვავდნენ პატარები. საოცარი იყო საბას და გიორგის სიყვარულითა და სითბოთი სავსე მთიელების ცეკვა. ცეკვა ეზოში გამოჩენილმა თაგუნამ და დევმა შეცვალეს. პატარების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. კეთილი დევი ბავშვებთან ერთად ჩაება მხიარულებაში. თაგუნა კი თავგამეტებით ცეკვავდა. ერთი სიტყვით ეზოში ნამდვილი დღესასწაული იყო. 
  მოულოდნელად მოხუცი ჯადოქრის ტანისამოსში გამოწყობილი დედაბერიც გამოჩნდა (პედაგოგ ნინო ბუაჩიძის სახით). კოცონს სითბო მიემატა, მხიარულებას კი მხიარულება. ცნობა გაჭირდა, მაგრამ ერთერთმა მოსწავლემ წამოიყვირა: „ ნინო მასწავლებელი!“ და ყველა მის გარშემო გაჩნდა. მისი გამოჩენა არც არავის გაჰკვირვებია, ეს წარმოდგენა ხომ ნინო მასწავლებლის მორიგი გაკვეთილი იყო.
 ბინდი შეეპარა გორიჯვრის კალთებს, ბინდი ჩამოწვა სკოლის ეზოში, ჩაიფერფლა კოცონი. ბავშვების სიხარულს კი არაფერი მოჰკლებია, მათი თვალები კვლავ ქალბატონ მანანასკენ იყო მიპყრობილი, ელოდნენ ახალ სიხარულს, სურპრიზებისთვის და დადგა დრო პრიზების განაწილების. ეს კი ძალიან გაუჭირდა მანანა მასწავლებელს, პრიზი ყველასთვის ემეტებოდა და შველა სასწავლო ნაწილის გამგეს ელენე ხაჩიძეს სთხოვა. ელენე მასწავლებელი კი უჩვეულოდ ღელავდა, ეს ხომ მისთვის პირველი კოცონი იყო, მაგრამ გადაწყდა, აირჩა და ბავშვებმა პრიზები დაისაკუთრეს.
დამთავრდა კიდევ ერთი დღესასწაული სკოლის ეზოში, სიჩუმემ დაისადგურა. მხოლოდ გულიდან წამოსული სიტყვები ისმოდა: გმადლობთ ქალბატონო მანანა ამ ლამაზი დღისთვის! სკოლიდან კი ყველას მიყვებოდა:დიახ! სიყვარული ისწავლება და ყველამ უნდა ისწავლოს! 

Комментариев нет:

Отправить комментарий